ოლივერის გარდაცვალება

დიპლომატიური კარიერის ბოლო წლები სერ ოლივერმა სტრასბურგში გაატარა გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ამის შემდეგაც, ბრიტანეთში მოხვედრილი ნებისმიერი მისი ნაცნობი ქართველი მისივე
ხელშეწყობით საქმიანობდა. იგი, მის მიერვე დაფუძნებული მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით, აძლიერებდა ქართველოლოგიურ მეცნიერებებს ბრიტანეთში.


გარდაიცვალა 1948 წელს 84 წლის ასაკში. დაკრძალულია ლონდონთან ახლოს, მის მშობლიურ სევენოუქსში მარჯორი უორდროპისა და მეუღლის გვერდით.


ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, უორდროპების
მოღვაწეობის შესახებ არაერთი სტატია თუ წიგნი დაბეჭდილა
საქართველოში. თუმცა ყოველთვის ხაზი ესმებოდა მათ კულტურულ,
მთარგმნელობით ღვაწლს და ამ მხრივ თითქოს ყოველთვის მარჯორი იყო
წინა პლანზე წამოწეული. თითქმის იგნორირებული გახლდათ ოლივერის
31-წლიანი დიპლომატიური კარიერა, მისი უმაღლესი კომისრობა სამხრეთ
კავკასიაში. ეს მაშინ, როცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
არქივი და ოქსფორდის ბოდლეინის ბიბლიოთეკა დახუნძლულია მისი
ღვაწლის ამსახველი დოკუმენტებით. თუმცა, 70-წლიანი კომუნისტური
რეჟიმის პირობებში, დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო
აღიარების საქმეში მისი წვლილის დავიწყებაც არ არის გასაკვირი.


სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, უკვე
22 წელიწადია ინერციით გრძელდება. მეტიც, დღეისთვის ჩვენ თბილისსა
და საქართველოს დიდ ქალაქებში არ გვაქვს უორდროპების ქუჩა. 2014
წლის 10 ოქტომბერს სერ ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი
სრულდება. ქართველი ერი მოვალეა ღირსეულად აღნიშნოს ეს თარიღი და
მცირედით მაინც გადაიხადოს ის ვალი, რაც ოლივერ უორდროპმა თავისი
მოღვაწეობით საქართველოს დასდო.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started