ვახუშტი ბატონიშვილის რუკები

დედამიწის ნახევარსფეროები, ვახუშტი ბაგრატიონი. “მსოფლიო გეოგრაფია”

ეს ვახტანგ VI-ის ეპოქაა, როდესაც ქართული სახელმწიფოს მოდერნიზაცია
მიმდინარეობს. სულხან საბასთვის და ქართული სახელმწიფოს მესვეურთათვის ცხადი იყო, რომ შეუძლებელია ახალი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება გეოგრაფიისა და
კარტოგრაფიის თანამედროვე დონის შესაბამისი ცოდნის გარეშე, თანამედროვე ერის შექმნა ქვეყნის რუკის გარეშე. ის, რომ სულხან საბას მოწაფემ და ვახტანგ VI-ის შვილმა, ვახუშტი ბატონიშვილმა
შექმნა პირველი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი, ქართული რუკები და მონუმენტური გეოგრაფიული თხზულება აღწერა სამეფოსა საქართველოსა შემთხვევითი არ არის. ამ დროს ჯერ კიდევ თითქოს ადრეა ერთიან ქართულ სახელმწიფოზე საუბარი, მაგრამ ვახუშტი ქმნის ამ მომავალი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს. მას კარგად ესმის სივრცის კარტოგრაფიული რეპრეზენტაციის მნიშვნელობა. შეიძლება ითქვას – ჯერ გეოგრაფია და რუკა, შემდეგ სახელმწიფო. ამ მხრივ ვახუშტის ძალისხმევა და ღვაწლი, რუკის როლი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში არასაკმარისადაა გააზრებული და შესწავლილი.

დიდი ბრიტანეთი. ვახუშტი ბაგრატიონი. “მსოფლიო გეოგრაფია”

რუკამ, როგორც ისტორიის უმნიშვნელოვანესმა წყარომ, ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა სათანადო ადგილი ქართულ ისტორიოგრაფიაში. ბევრის მეტყველია ის ფაქტიც, რომ წინამდებარე ატლასის რუკები ორსაუკუნე-ნახევარის შემდეგ პირველად ქვეყნდება მაღალი პოლიგრაფიული
ხარისხით. ვახუშტის რუკებს იმთავითვე ყურადღება მიაქციეს ევროპაში. 1737 წლის 5 დეკემბერსგერმანული გაზეთი Neue Zeitungen von gelehrten Sachen (სწავლულ საქმეთა ახალი გაზეთი) იუწყებოდა, რომ ტფილისელი თავადის მიერ დიდი გულმოდგინებით შედგენილი მთელი კავკასიის ძალიან ზუსტი რუკა ქართულიდან ითარგმნება და ბატონი დელილის მიერ დღის სინათლეზე გამოტანილ იქნება. გაზეთი დასძენდა: ასეთი სახით დღემდე უცნობი მთები უეცრად უფრო ცნობილი გახდება, ვიდრე ევროპის
ზოგიერთი ქვეყანა. ფრანგი ასტრონომის და კარტოგრაფის, ჟოზეფ-ნიკოლა დელილის რუკაზე და მისი ძმის, კიდევ უფრო ცნობილი კარტოგრაფის, გიომ დე ლილის მიერ სულხან საბა ორბელიანის მასალებზე დაყრდნობით 1723 წელს დაბეჭდილ კავკასიის რუკაზე ჩნდება ქართული ტოპონიმები, რომლებიც შემდეგ ევროპელთა მიერ გამოცემულ სხვა რუკებზეც მკვიდრდება. სხვათა შორის, ვახუშტის რუკების გარდა ერთადერთი ცნობილი ქართული რუკა – დასავლეთ საქართველოს 1737 წლის, ე. წ.
იმერეთის მეფის – ალექსანდრე V-ის რუკაც, რომლის შექმნა ტიმოთე გაბაშვილს მიეწერება, ჟოზეფ-ნიკოლა დელილს სანკტ-პეტერსბურგში აქვს გადაღებული და საფრანგეთში წაღებული.
ვახუშტის მსოფლიო გეოგრაფია, 1752 წელს თარგმნილი ამ დროს სტანდარტად აღიარებული, ახლებურ მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული ნაწარმოებიდან,

ევროპა. ვახუშტი ბაგრატიონი. “მსოფლიო გეოგრაფია”

ბერნჰარდ ვარენიუსის Geographia Generalis და თანდართული რუკები მსოფლიოში საქართველოს ადგილის გააზრების მცდელობაა, პერსპექტივის გაფართოება კავკასიური კონტექსტიდან მსოფლიო კონტექსტისკენ – თუნდაც, როგორი ნიშანდობლივია, რომ ქართველი ბატონიშვილი მსოფლიო ატლასში საქართველოს აღსანიშნავად ხმარობს ევროპულ სახელს – გეორგია (ზოგან გიორგია).

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started