მარჯორი უორდროპის გარდაცვალება

1909 წლის დეკემბერს გაზეთმა “დროებამ” მძიმე ამბავი ამცნო ქართველ ხალხს: “სამწუხარო ამბავი მოვიდა რუმინიის დედაქალაქ ბუხარისტიდან: ამ ქალაქში გარდაიცვალა ჩვენში კარგად ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალბატონი მარჯორი უორდროპი. განსხვავებული 14 წლის წინად ესტუმრა საქართველოს თავის ძმასთან ოლივერ უორდროპტთან ერთად და მას შემდეგ დიდი სიყვარულით სწავლობდა ქართველთა ცხოვრებას და ლიტერატურას და ამცნობდა ინგლისელებს… ინგლისელებმა თუ რამე იციან საქართველოზე და იცნობენ ქართველებს, მხოლოდ და მარტო განსვენებულის წყალობით”.

მარჯორი უორდროპი

“მარჯორი უორდროპის მშობლებმა და ძმამ ოლივერ უორდროპმა თავისი კეთილშობილის განსვენებულის სამარადისო სახსენებლათ და ქართველთა საბედნიეროთ შესწირეს დიდი თანხა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ქართული ენის კათედის და ქართული ბიბლიოთეკის დასაარსებლათ. ამ რიგად, ინგლისელმა ქალმა ქართველთა ბინაობის ფართო შესწავლას და მის დაახლოვებას ევროპის უნარჩინებულეს ერთან გზა გაუხსნა”.
ეკატერინე გაბაშვილი. 1919 წელი.

“ნუ გგონიათ, რომ საქართველოს შესწავლა მოისპო ინგლისში მარჟორი ყორგროპის გარდაცვალებით და მისი დაწყებული საქმე ჩაიშალა. არა, ეგ საქმე არათუ არ ჩაშლილა, არამედ უფრო მკვიდრ ნიადაგზე დამყარდა.. არანაკლებ შეუსწავლია ჩვენი ენა და ლიტერატურა თვით ბატონ ოლივერსაც. ის საკმაოდ კარგად ლაპარაკობს ქართულს ენაზე. ჩვენი ნალაპარაკევი ყველა ესმის. უფრო უკედ კითხულობს ქართულად არათუ ნაბეჭდ წიგნებს, არამედ ხელნაწერებსაც. ამ დღეებში მან შეიძინა ექვსიოდე ქართული ხელთნაწერი, შემოვიდა ჩემთან და მითხრა, ეს და ეს ხელთნაწერი შევიძინეო და ჩამოთვალა თითეულად და განმარტა მათი თარიღები. მე გულში ვიფიქრე,სცდებამეთქი, მაგრამ როდესაც გავსინჯე,დავრწმუნდი, რომ ყველა ხელთნაწერი სწორედ აღენუსცა და თარიღებიც მართლად განერჩია. ამ ხელთნაწერებში ერთი ისეთი აღმოჩნდა,რომელიც ჩვენ ტფილისში არ გვქონდა და არც ცნობილი იყო”.
ექვთიმე თაყაიშვილი.7 თებერვალი,1911 წელი.

ვახუშტი ბატონიშვილის რუკები

დედამიწის ნახევარსფეროები, ვახუშტი ბაგრატიონი. “მსოფლიო გეოგრაფია”

ეს ვახტანგ VI-ის ეპოქაა, როდესაც ქართული სახელმწიფოს მოდერნიზაცია
მიმდინარეობს. სულხან საბასთვის და ქართული სახელმწიფოს მესვეურთათვის ცხადი იყო, რომ შეუძლებელია ახალი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება გეოგრაფიისა და
კარტოგრაფიის თანამედროვე დონის შესაბამისი ცოდნის გარეშე, თანამედროვე ერის შექმნა ქვეყნის რუკის გარეშე. ის, რომ სულხან საბას მოწაფემ და ვახტანგ VI-ის შვილმა, ვახუშტი ბატონიშვილმა
შექმნა პირველი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი, ქართული რუკები და მონუმენტური გეოგრაფიული თხზულება აღწერა სამეფოსა საქართველოსა შემთხვევითი არ არის. ამ დროს ჯერ კიდევ თითქოს ადრეა ერთიან ქართულ სახელმწიფოზე საუბარი, მაგრამ ვახუშტი ქმნის ამ მომავალი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს. მას კარგად ესმის სივრცის კარტოგრაფიული რეპრეზენტაციის მნიშვნელობა. შეიძლება ითქვას – ჯერ გეოგრაფია და რუკა, შემდეგ სახელმწიფო. ამ მხრივ ვახუშტის ძალისხმევა და ღვაწლი, რუკის როლი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში არასაკმარისადაა გააზრებული და შესწავლილი.

დიდი ბრიტანეთი. ვახუშტი ბაგრატიონი. “მსოფლიო გეოგრაფია”

რუკამ, როგორც ისტორიის უმნიშვნელოვანესმა წყარომ, ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა სათანადო ადგილი ქართულ ისტორიოგრაფიაში. ბევრის მეტყველია ის ფაქტიც, რომ წინამდებარე ატლასის რუკები ორსაუკუნე-ნახევარის შემდეგ პირველად ქვეყნდება მაღალი პოლიგრაფიული
ხარისხით. ვახუშტის რუკებს იმთავითვე ყურადღება მიაქციეს ევროპაში. 1737 წლის 5 დეკემბერსგერმანული გაზეთი Neue Zeitungen von gelehrten Sachen (სწავლულ საქმეთა ახალი გაზეთი) იუწყებოდა, რომ ტფილისელი თავადის მიერ დიდი გულმოდგინებით შედგენილი მთელი კავკასიის ძალიან ზუსტი რუკა ქართულიდან ითარგმნება და ბატონი დელილის მიერ დღის სინათლეზე გამოტანილ იქნება. გაზეთი დასძენდა: ასეთი სახით დღემდე უცნობი მთები უეცრად უფრო ცნობილი გახდება, ვიდრე ევროპის
ზოგიერთი ქვეყანა. ფრანგი ასტრონომის და კარტოგრაფის, ჟოზეფ-ნიკოლა დელილის რუკაზე და მისი ძმის, კიდევ უფრო ცნობილი კარტოგრაფის, გიომ დე ლილის მიერ სულხან საბა ორბელიანის მასალებზე დაყრდნობით 1723 წელს დაბეჭდილ კავკასიის რუკაზე ჩნდება ქართული ტოპონიმები, რომლებიც შემდეგ ევროპელთა მიერ გამოცემულ სხვა რუკებზეც მკვიდრდება. სხვათა შორის, ვახუშტის რუკების გარდა ერთადერთი ცნობილი ქართული რუკა – დასავლეთ საქართველოს 1737 წლის, ე. წ.
იმერეთის მეფის – ალექსანდრე V-ის რუკაც, რომლის შექმნა ტიმოთე გაბაშვილს მიეწერება, ჟოზეფ-ნიკოლა დელილს სანკტ-პეტერსბურგში აქვს გადაღებული და საფრანგეთში წაღებული.
ვახუშტის მსოფლიო გეოგრაფია, 1752 წელს თარგმნილი ამ დროს სტანდარტად აღიარებული, ახლებურ მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული ნაწარმოებიდან,

ევროპა. ვახუშტი ბაგრატიონი. “მსოფლიო გეოგრაფია”

ბერნჰარდ ვარენიუსის Geographia Generalis და თანდართული რუკები მსოფლიოში საქართველოს ადგილის გააზრების მცდელობაა, პერსპექტივის გაფართოება კავკასიური კონტექსტიდან მსოფლიო კონტექსტისკენ – თუნდაც, როგორი ნიშანდობლივია, რომ ქართველი ბატონიშვილი მსოფლიო ატლასში საქართველოს აღსანიშნავად ხმარობს ევროპულ სახელს – გეორგია (ზოგან გიორგია).

ოლივერის გარდაცვალება

დიპლომატიური კარიერის ბოლო წლები სერ ოლივერმა სტრასბურგში გაატარა გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ამის შემდეგაც, ბრიტანეთში მოხვედრილი ნებისმიერი მისი ნაცნობი ქართველი მისივე
ხელშეწყობით საქმიანობდა. იგი, მის მიერვე დაფუძნებული მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით, აძლიერებდა ქართველოლოგიურ მეცნიერებებს ბრიტანეთში.


გარდაიცვალა 1948 წელს 84 წლის ასაკში. დაკრძალულია ლონდონთან ახლოს, მის მშობლიურ სევენოუქსში მარჯორი უორდროპისა და მეუღლის გვერდით.


ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, უორდროპების
მოღვაწეობის შესახებ არაერთი სტატია თუ წიგნი დაბეჭდილა
საქართველოში. თუმცა ყოველთვის ხაზი ესმებოდა მათ კულტურულ,
მთარგმნელობით ღვაწლს და ამ მხრივ თითქოს ყოველთვის მარჯორი იყო
წინა პლანზე წამოწეული. თითქმის იგნორირებული გახლდათ ოლივერის
31-წლიანი დიპლომატიური კარიერა, მისი უმაღლესი კომისრობა სამხრეთ
კავკასიაში. ეს მაშინ, როცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
არქივი და ოქსფორდის ბოდლეინის ბიბლიოთეკა დახუნძლულია მისი
ღვაწლის ამსახველი დოკუმენტებით. თუმცა, 70-წლიანი კომუნისტური
რეჟიმის პირობებში, დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო
აღიარების საქმეში მისი წვლილის დავიწყებაც არ არის გასაკვირი.


სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, უკვე
22 წელიწადია ინერციით გრძელდება. მეტიც, დღეისთვის ჩვენ თბილისსა
და საქართველოს დიდ ქალაქებში არ გვაქვს უორდროპების ქუჩა. 2014
წლის 10 ოქტომბერს სერ ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი
სრულდება. ქართველი ერი მოვალეა ღირსეულად აღნიშნოს ეს თარიღი და
მცირედით მაინც გადაიხადოს ის ვალი, რაც ოლივერ უორდროპმა თავისი
მოღვაწეობით საქართველოს დასდო.

ოლივერ უორდროპის წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში

საფრანგეთ-ბრიტანეთის 1917 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, 1918 წლის დეკემბრიდან, სამხრეთ კავკასია ბრიტანულმა ჯარებმა დაიკავეს. ანტანტის სამხედრო წარმომადგენლები ქართველებს ისე უყურებდნენ, როგორც მტრის მოკავშირეებს, ისინი ასევე ძნელად ასხვავებდნენ ერთმანეთისგან ბოლშევიკურ და მენშევიკურ სოციალიზმს…

სერ ოლივერ უორდროპი, ბრიტანეთის შავი ზღვის ჯარების სარდალი და
1926 წლიდან საიმპერიო ძალების გენერალური შტაბის უფროსი,
გენერალი ჯორჯ მილნი, გენერალური შტაბის იმჟამინდელ უფროსს, სერ
ჰენრი უილსონს, კავკასიის ხალხთა შესახებ სწერდა:

“არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო რამეს დაკარგავს იმით, თუ ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი
ერთმანეთს ყელებს დაჭრიან. ისინი ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის სიცოცხლედაც კი არ ღირან… ვფიქრობ, შინ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ თუ ჩვენ ამ ქვეყნების დახმარების პასუხისმგებლობას ვიკისრებთ, ჯარების დატოვება მოგვიწევს არა ერთი-ორი, არამედ ათი წლით მაინც. ამ ხალხისთვის სათანადო განათლების
მიცემას, რათა მათ თავიანთ თავს თვითონვე მოუარონ, რამდენიმე თაობა დასჭირდება.”

მეტიც, მილნმა, როგორც კავკასიაზე პასუხისმგებელმა უმაღლესმა პირმა,
1919 წლის 6 თებერვალს პირველი ვრცელი რეპორტი გააგზავნა
ლონდონში, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებს ბოლშევიკებზე
უფრო რადიკალ სოციალისტებად, შოვინისტებად და კორუმპირებულებად
მოიხსენიებდა. ის ასევე ხაზს უსვამდა ‘მტრობას ქართველებსა და
აჭარლებს შორის’. მიუთითებდა, რომ ამ უკანასკნელთ არანაირი სურვილი
არ აქვთ ქართველებთან თანაცხოვრებისა. 1919 წლის აპრილის ბოლოს
თბილისში ჩამოსულმა გენერალმა უარი განაცხადა საპატიო ყარაულით
დახვედრაზე და ისე დატოვა საქართველოს დედაქალაქი, მთავრობის არც
ერთი წევრი არ მიუღია.

საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური, პოლკოვნიკი შარდინი
კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კავკასიურ რესპუბლიკათა
დამოუკიდებლობას. მეტიც, ლეიტენანტი ბროსარ დ’უამპუი 1919 წლის 20
ნოემბერს საფრანგეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრისადმი
გაგზავნილ წერილში შარდინი ადანაშაულებდა საფრანგეთის რეპუტაციის
შელახვაში – იმით, რომ ქართველებს არასათანადოდ ეპყრობოდა და ამ
უკანასკნელთა წინააღმდეგ სამოქმედოდ სომხებისგან ქრთამიც კი აიღო.

შარდინი საქართველოდან გაიწვიეს.

ბუნებრივია, ამ ფონზე ძალიან გამწვავდა ურთიერთობა საქართველოს
ხელისუფლებასა და ბრიტანელ სამხედროებს შორის. სწორედ ეს
უკანასკნელნი იყვნენ დასავლეთში საქართველოს შესახებ ინფორმაციის
გამტანი და ძირს უთხრიდნენ ქვეყნის რეპუტაციას, მის სწრაფვას
დამოუკიდებლობისკენ.

უორდროპის გამოგზავნა საქართველოში

1918 წლის 30 დეკემბერს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაეგზავნათ ნოტა, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი მიესალმებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ჰპირდებოდა მის დაცვას პარიზის საზავო კონფერენციაზე. ჯორჯ მილნი არაერთგზის სთხოვდა მთავრობას, უკან გაეწვია საქართველოსადმი გამოხატული სიმპათია, რათა ბოლომდე გახსნოდა ხელ-ფეხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამოქმედოდ.

ამ გამოუვალ ვითარებაში, 1919 წლის მაისის ბოლოს, ქართველმა
პატრიოტმა და ცნობილმა ანარქისტმა, ვარლამ ჩერქეზიშვილმა, წერილი
მისწერა თავის ძველ მეგობარ ოლივერ უორდროპს, სადაც აღნიშნავდა,
რომ ბრიტანელი სამხედროები ვერ გაერკვნენ ვითარებაში და საჭირო იყო
პოლიტიკურ ვითარებათა სამართავად რეგიონში ისეთი
გათვიცნობიერებული სამოქალაქო პირის მოწვევა, როგორიც თავად
ოლივერ უორდროპი გახლდათ.

1919 წლის მაისის ბოლოს, ვარლამ ჩერქეზიშვილმა წერილი
მისწერა ოლივერ უორდროპს, სადაც აღნიშნავდა,
რომ ბრიტანელი სამხედროები ვერ გაერკვნენ ვითარებაში და საჭირო იყო
პოლიტიკურ ვითარებათა სამართავად რეგიონში ისეთი
გათვიცნობიერებული სამოქალაქო პირის მოწვევა, როგორიც თავად
ოლივერ უორდროპი გახლდათ. უორდროპმა, როგორც საგარეო საქმეთა
სამინისტროს თანამშრომელმა, ეს წერილი სამხედრო დაზვერვის
დეპარტამენტს გადაუგზავნა, დეპარტამენტმა კი გადაწყვეტილების
მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიანდო.
ლორდი კერზონი 1918 წლიდან მოყოლებული ლობირებდა საქართველოს
დამოუკიდებლობას, მას მიზნად ჰქონდა სპარსეთთან პროტექტორატი ხელშეკრულების დადება და კავკასიას განიხილავდა რუსეთისგან დამცავ
ზღუდედ.
რეგიონში მყოფი ბრიტანელი სამხედროებისგან წამოსული უარყოფითი
რეპორტები მას ხელ-ფეხს უკრავდა. სწორედ ამიტომ, კერზონმა აიტაცა
ჩერქეზიშვილის იდეა. თანაც იცოდა უორდროპის 25-წლიანი კარიერის
შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მისი დამოკიდებულება
კავკასიისადმი, ამიტომ მყისვე გადაწყვიტა სამხრეთ კავკასიაში მის
უმაღლეს პოლიტიკურ კომისრად დანიშვნა. ამ მოქმედებით კერზონმა
სამხედროები პოლიტიკას ჩამოაშორა.

უორდროპის მოქმედების გეგმა საქართველოში:

  1. კავკასიაში ბრიტანული ჯარების დატოვება;
  2. დენიკინთან პოლიტიკური მისიის მიმაგრება, რომელიც სამხედროებს პოლიტიკურ საკითხებს ჩამოაშორებდა;
  3. რუსი გენერლისთვის დახმარების პირობად კავკასიის რესპუბლიკების შიდა საქმეებში ჩაურევლობის დადება;
  4. კავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის აღიარება;
  5. ბათუმის იმ რესპუბლიკისთვის გადაცემა, რომლის მოსახლეობაც უმრავლესობას წარმოადგენდა ბათუმის ოლქში;
  6. მისი უდიდებულესობის მთავრობის გავლენის გამოყენება, რათა სხვა დიდ სახელმწიფოებსაც ეღიარებინათ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და მიეღოთ ისინი ერთა ლიგაში;
  7. სავაჭრო ურთიერთობების დამყარება;
  8. აღნიშნულ რესპუბლიკათა ეკონომიკური, ტექნოლოგიური ექსპერტებით მომარაგება, რათა დახმარებოდნენ მათ ეკონომიკის განვითარებაში;
  9. ჰუმანიტარული დახმარება;
  10. ბრიტანული სკოლის გახსნა, საუკეთესო მოსწავლეთა ბრიტანეთში სასწავლებლად გაგზავნა;
  11. ბრიტანული პრესის გავრცელება, რათა ადგილობრივებს გაეგოთ, როგორ ხდება ბრიტანეთში ამა თუ იმ პრობლემის განხილვა და გადაჭრა.

საქართველოში ჩამოსულ უორდროპს, 1919 წლის 30 აგვისტოს, ქართველი ხალხი შეხვდა როგორც მხსნელს. აი, რას წერს ამის თაობაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავად ოლივერ უორდროპი:

“ყველა ჩემი მოძრაობა გადაიღეს კინემატოგრაფებმა, მე ვიყავი ფოტოგრაფთა სამიზნე. რკინიგზის სადგურში ორკესტრმა დაუკრა ბრიტანეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. ჩემს გზაზე, დაახლოებით 2 მილის მანძილზე დაკიდებული იყო დროშები, მოფენილი იყო აღმოსავლური ხალიჩები, გარშემო ჩამწკრივებული იყო ხალხი. შენობები ღამით გაანათეს. დღემ ჩაიარა, როგორც სახალხო დღესასწაულმა. ეს არაჩვეულებრივი დახვედრა ქართველებმა მომიწყვეს იმის გამო, რომ იციან თუ რას ვგრძნობ მათდამი უკვე ბოლო 32 წელიწადია. ჩემი დანიშვნა მათ მიიღეს ნიშნად იმისა, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა ყველაზე მეგობრული გრძნობებით არის გამსჭვალული მათი ქვეყნისადმი და რომ საქართველოსთვის დაიწყო ახალი ერა”.

უორდროპი, ფაქტობრივად, იქცა გამტარ მავთულად საქართველოსა და ბრიტანეთის ხელისუფლებებს შორის. ქართული მხარის ნებისმიერ წუხილს, თხოვნასა თუ საჩივარს მაშინვე უგზავნიდა საკუთარ მთავრობას სტატუსით “სასწრაფო” ან “ძალიან სასწრაფო”.

მისი წყალობით პირველად გაიგო ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ხმა. უორდროპი ზრუნავდა საქართველოს ხელისუფლებისთვის ექსტრემისტულ- სოციალისტური იარლიყის მოშორებაზე, რაც ესოდენ საზიანოდ მოქმედებდა ქვეყანაზე.

მან პოლიტიკურ ლიდერთა პორტრეტები დაუხატა სამინისტროს. ლონდონში გადააგზავნა აგრარული რეფორმის თაობაზე ნოე ჟორდანიას გამოსვლის თარგმანი. კომენტარში კი ახსნა საქართველოს სოციალისტური მთავრობის გაწონასწორებულობა და ზომიერება. უორდროპი შეებრძოლა გენერალ მილნისა და ბათუმში ბრიტანეთის კონსულის, პატრიკ სტივენსის მოსაზრებას, რომ აჭარლები ქართველთა წინააღმდეგ არიან განწყობილი და არ სურთ მათთან ერთად ცხოვრება. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა მემედ აბაშიძის შედგენილი აჭარელი ხალხის დეკლარაცია, რომ აჭარლები იგივე ქართველები არიან და სურთ დედასამშობლოს შემადგენლობაში ცხოვრება. თავის კომენტარში უორდროპმა დაამატა ისიც, რომ ქართველებს შეუძლიათ მუსლიმან თანამოძმეებთან ერთად ცხოვრება და რომ მათი შემწყნარებლობა ამ რელიგიისადმი ჯერ კიდევ “ვეფხისტყაოსნიდან” მოჩანს.

1919 წლის ოქტომბერში უორდროპმა პირადად მისწერა საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონს და სთხოვა ეღიარებინა კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. კერზონმა ეს ნაბიჯი ნაჩქარევად მიიჩნია, რაც უკავშირდებოდა იმ მომენტისათვის რუსეთის მომავლის გადაუწყვეტელობას და აღიარების შემთხვევაში რესპუბლიკათა დაცვის აუცილებლობას, რასაც ბრიტანეთი მოკავშირეებთან შეუთანხმებლად ვერ მოახერხებდა. 1919 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოსული ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ძალების სარდალი, ადმირალი დე რობეკი იხსენებდა, რა სიამაყით უყვებოდა უორდროპი “თავის ქართველებზე“, რამაც ადმირალს ამ ხალხზე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა.

ამ ყველაფერმა თავისი შედეგი მაინც გამოიღო.1919 წლის 24 დეკემბერს ლორდმა კერზონმა მემორანდუმი წარუდგინა მინისტრთა კაბინეტს სამხრეთ კავკასიის თაობაზე. უორდროპმა ოთხთვიანი მუშაობის შედეგად არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ვითარება, არამედ საქართველოს იმიჯი კარდინალურად შეცვალა. 1919 წლის დეკემბრისთვის

საქართველოს ხელისუფლება იწოდებოდა გამოცდილად,

ბათუმი – საქართველოს ისტორიულ ნაწილად,

ქართველი ხალხი – ცივილიზებულად.

უორდროპის წერილი მეუღლეს: “დღეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ის, რასაც 33 წელიწადს ველოდი… შენ მე მელოდები, მაგრამ მე სულაც არ ვნანობ ამ 33-წლიან ლოდინს, რადგან რაც ასე გულით გინდა, მისთვის ყოველთვის ღირს დალოდება… ვერც კი ვააანალიზებ ამას, მე მოვიგე ეს ბრძოლა. ამ საქმისთვის ყველაზე მეტი მე გავაკეთე და აქ ეს ყველამ იცის. ძალიან მინდა, აქ რომ იყო, ჩემით იამაყებდი იმის დანახვაზე თუ როგორ აფასებს ყველა შენს ქმარს… ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, ცუდად ვარ, მაგრამ ახლა სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევარიგო კავკასიის ხალხები, როგორ შევაჩერო ბოლშევიკების სამხრეთისკენ წამოსვლა… ხომ ხედავ, შენც კი სულ ამ თემაზე გწერ, თავში სულ ეს მიტრიალებს”. ქართველები მიხვდნენ უორდროპის ჭეშმარიტ დამსახურებას და 1920 წლის 10 იანვრის შემდგომ დღეებში მას ყველა კუთხიდან მოსდიოდა ქართულ ენაზე, უბრალო ქართველების მიერ დაწერილი სამადლობელი წერილები შემდეგი სათაურებით: “ძმაო ოლივერ”, “ბატონო ოლივერ”,

“მოგესალმებით არა როგორც ბრიტანელს, არამედ როგორც საქართველოს შვილს!”

უორდროპის ღვაწლი ჯეროვნად დაფასდა, 1922 წელს მეფემ ის ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა და იწოდებოდა სერ ოლივერ უორდროპად.

ვეფხისტყაოსანი და უორდროპები

რუსთაველის პოემის თარგმანზე მუშაობას მარჯორი უორდროპი 1891 წელს შეუდგა. 1894 წლის დასაწყისისათვის მას უკვე თარგმნილი ჰქონდა პოემის თითქმის ერთი მესამედი. 1895 წელს მარჯორი წერდა:

„პოემა 6 000 სტრიქონზე მეტს შეიცავს. ესაა სიყვარულისა და თავგადასავლის დიდებული პოემა, სავსე აღმაფრთოვანებელი ადგილებით, და მით უფრო გასაოცარია, როცა ვიხსენებთ, თუ რა ადრეა ის დაწერილი დანტეს დაბადებამდე. თვით პოეტი ბევრ ადგილას ლაპარაკობს სქესთა თანასწორობაზე, ხშირად ხმარობს ციტატას „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.


1897 წელს უორდროპს პოემის ნახევარი უკვე თარგმნილი ჰქონდა: მე არ მინდა, რომ გლახათ ვჰქმენ, და სურვილი მაქვს, რომ მშვენიერება რუსთველისა დაიკარგოს ასეთი ცოტა, რომ შემიძლიან თარგმანში, – ნათქვამია მის ერთ-ერთ წერილში.


ორი წლის შემდეგ მარჯორი მაინც უკმაყოფილოა თავისი თარგმანით. 1899 წლის 5 იანვარს იგი ოლღა ჭავჭვაძეს სწერს: რამდენიმე თვეა, რომ გავათავე პირველი ჩემი თარგმანი რუსთაველისა. ჯერ ძალიან ცუდად არის ინგლისურ ენაზე, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ წრეულს მეორეჯერ შევადარო დედანთან. მინდა ძალიან კარგი იყოს.


1900 წელს მარჯორი კვლავ უკმაყოფილო იყო თარგმანით და ფიქრობდა, მესამედ შეედარებინა პოემა დედანთან. მან ამ თემაზე კიდევ 9 წელი იმუშავა და მის გამოქვეყნებას მაინც ვერ ბედავდა, სიკვდილამდე (1909 წლის დეკემბერი) მარჯორის „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობისათვის თავი არ დაუნებებია. მისი აზრით, სულ ცოტა 10 წელი კიდევ იყო საჭირო, რომ თარგმანს საბოლოო, დასრულებული სახე მიეღო.


მარჯორი უორდროპისეული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი ძმამ, ოლივერმა, 1912 წელს ლონდონში გამოსცა, დღესდღეობით ეს თარგმანი მიჩნეულია ორიგინალთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომ თარგმანად. მისი წაკითხვით აღფრთოვანებული ვარლამ ჩერქეზიშვილი წერდა: „თარგმანი ისე უახლოვდება ორიგინალს, ისეთნაირად არის თითქმის სიტყვა-სიტყვით გადაღებული ინგლისურად, რომ იგი შეუდარებელია. აგრეთვე მკითხველის აღტაცებას იწვევს კეთილშობილება, სიკეკლუცე და უმაღლესი პოეტური სიმშვენიერე თარგმანისა ინგლისურად“.


მარჯორის სიკვდილი საქართველოში ეროვნულ ტრაგედიად იქცა. უმძიმესი ტკივილი იყო თანამოაზრე დის გარდაცვალება ოლივერისთვისაც. ის ყველაფერს აკეთებდა დის სახელის უკვდავსაყოფად. 1910 წელს ოლივერმა ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ჩამოაყალიბა მარჯორი უორდროპის სახელობის ფონდი და კოლექცია.


ამ კოლექციაში ინახება „ვეფხისტყაოსნის“ ორი ხელნაწერი, რომლებიც ერთი მე-17, ხოლო მეორე მე-18 საუკუნით თარიღდება. მე-17 საუკუნის ილუსტრირებული ნიმუში მარჯორის ქართული ლიტერატურისადმი სიყვარულის, პატივისცემისა და თავდადების ნიშნად მისი ახლო მეგობრის, თავადის ქალის – ვენერა წერეთელის ვაჟმა უორდროპების კოლექციას უსახსოვრა.

მარჯორი უორდროპის ინგლისურად თარგმნილი “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერი:

ბოდლეანის უნივერსიტეტში (ოქსფორდის უნივერსიტეტი) დაცული “ვეფხსიტყაოსნის” ილუსტრაციები:



1780 წელს შექმნილი “ვეფხსიტყაოსანი” იმერეთის მეფე სოლომონ I-ს ეკუთვნოდა. “ვეფხისტყაოსნის“ ეს ხელნაწერი “წერეთლისეულის” სახელითაა ცნობილი. ის გამოირჩევა, მართლაც, რუსთველისეული “უთვალავი ფერით” და 87 ილუსტრაციითაა შემკული.
XIX საუკუნეში ხელნაწერიდან 10 მინიატურა ამოუჭრიათ და საზღვარგარეთ გაუტანიათ. საბედნიეროდ, გასაყიდად და შესაფასებლად გამზადებული ხელნაწერი, პარიზში ბრიტანელ დიპლომატსა და მთარგმნელს, საქართველოს ერთგულ მეგობარს, ოლივერ უორდროპს უნახავს. უორდროპმა მინიატურების შესახებ ექვთიმე თაყაიშვილს შეატყობინა,
ექვთიმემ შეიძინა მოპარული ილუსტრაციები და საქართველოში დააბრუნა.
ოლივერ უორდროპისა და ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევამ კი ხელნაწერი დღეისთვის სრულყოფილი სახით შეგვინარჩუნა და შემოგვინახა. ის კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

“ვეფხისტყაოსნის” ფრანგმენტი. ხელნაწერი სრულდ დაცულია ოქსფორდის ბოდელას უნივერსიტეტში

ბრიტანელების წიგნები საქართველოზე და ილუსტრაციები

დაგლას უილიამ ფრეშფილდი იყო ბრიტანელი ადვოკატი, ალპინისტი, გეოგრაფი და მწერალი. იგი იყო მეტად ენერგიული მოგზაური. მან 1868 წელს ასვლა სცადა კავკასიონის და საერთოდ ევროპის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე. იმავე წელსვე ფრეშფილდმა დალაშქრა აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი მყინვარწვერი. ასვლა განახორციელა ადგილ გერგეტიდან. კავკასიაში ყოფნის დროს ფრეშფილდმა აღწერა აფხაზეთის ტერიტორიაც.

მან დაწერა წიგნი კავკასიაზე სახელად: “The Exploration of the Caucasus”(კავკასიის კვლევა).

იხილეთ ილუსტრაციები წიგნიდან:

ილუსტრაციები კლაივ ფილიპს ვოლეის წიგნიდან “Savage Svanetia” (‘ველური სვანეთი”):

ჰარლინგ-კიონინგემის ილუსტრაციები:

ჯონ აბერკრომის ილუსტრაციები წიგნიდან “The Eastern Caucasus” (აღმოსავლეთ კავკასია):

ილუსტრაციები ედმუნდ ოლიერის “Cassell’s illustrated history of Russo-Turkish war”:

ახალგაზრდა ლაზი ბათუმიდან

ოლივერ უორდროპის წიგნები საქართველოზე

ოლივერ უორდროპის ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, 1887 წლის აპრილში, 22 წლის ოლივერი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე მოიარა. იგი ყოფილა ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, კახეთსა და ხევში. ახალგაზრდა ინგლისელ სტუმარს მასპინძლობას ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი უწევდნენ. წარუშლელი შთაბეჭდილებებით აღსავსე ოლივერ უორდროპს ინგლისში დაბრუნებისთანავე დაუწერია შესანიშნავი წიგნი „საქართველოს სამეფო“ ეგზოტიკური ქვესათაურით – „მოგზაურობის შთაბეჭდილებანი ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“. წიგნი 1888 წლის შემოდგომაში ლონდონში დაიბეჭდა.

წიგნში წერია: „საქართველოს მთავარი ხიბლი მის ხალხშია. ქართველები არა მარტო შესახედავად არიან მომხიბვლელნი, არამედ ძალიან მოსიყვარულე და თბილი ხალხია. ამ საოცრად მხიარულ, გულღია, ხელგაშლილ, გულწრფელ, გაურყვნელ ხალხს შორის ცხოვრება საუკეთესო წამალია მელანქოლიისაგან და მიზანტროპიისაგან განსაკურნებლად, რაც კარგად მოგეხსენებათ რაც არის“

ოლივერ უორდროპის „საქართველოს სამეფოს“ მოწონებით შეხვდა მკითხველი. ერთი ინგლისელი რეცენზენტი 1889 წლის 23 თებერვალს წერდა: „ბატონი უორდროპის ნაშრომი ეკუთვნის თანამედროვე მოგზაურობისს შთაბეჭდილებათა გადმომცემ იმ მცირერიცხოვან წიგნთა რიცხვს, რომელნიც ღირსი არიან თითქმის მხოლოდ ქებისა. ამ წიგნის წაკითხვა უნდა ვურჩიოთ ყველას, ვისაც სურს სანდო პირველწყაროდან შეიძინოს ცოდნა ფრიად საინტერესო და თითქმის უცნობი ქვეყნის შესახებ.“

ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და უორდოპების ურთიერთობა

უორდროპებებსა და ქართველ საზოგადო მოღვაწეებს შორის ახლო კავშირი იყო. უორდროპები სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძის ოჯახს, ასევე ოლღა გურამიშვილსა და მარჯორი უორდროპს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და ხშირი მიმოწერა. გარდა ამისა, ოლოვერ და მარჯორ უორდროპებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ: აკაკი წერეთელთან, ივანე მაჩაბელთან, გაბრიელ ქიქოძესთან და სხვა …

საინტერესოა, რას ამბობს მარჯორი უორდროპი ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე:

“უამრავ ქართველ მწერალთა შორის თავად ილია ჭავჭავაძეს უპირველესი ადგილი უჭირავს.
იგი არა მარტო პოეტია, არამედ ნოველისტვიც, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, ყოველდღიური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთ “ივერიის” რედაქტორი. მისი ლექსები ღირსშესანიშნავია. აზრის დიდებულებითა და ენის სიდარბაისლით. მისი ნაწარმოებები ღრმა პატრიოტიზმით სუნთქავენ.”

მარჯორი უორდროპი

“ინგლისელთა მხრივ უდიდესი ყურადღების ღისრიცაა თავადი ოანე მაჩაბელი, როგორც შექსპირის შესანიშნავი მოწაფე. მან ბრწყინვალედ თარგმნა ქართულად შექსპირის რამდენიმე პიესა, რომლებმაც საყოველთაო აღიარება დაიმსახურა”

მარჯორი უორდროპი

“იმერეთის ახლანდელი ეპისკოპოსი თუმც მთლად თმადათოვლილი მოხუცია. მაგრამ მისი ძლიერი გავლენა არასოდეს განქარდება… არასოდეს დამავიწყდება ჩვენი სტუმრობა გაბრიელ ეპისკოპოსთან. ის თავის სამუშაო ოთახში იჯდა. მნახველი გულდამშვიდებით ვერ შეხედავს მისი მშვენიერი ცხოვრების დაისს. თმა თოვლივით გათეთრებოდა. თვალებსაც დაკარგვოდათ ახალგაზრდული ცეცხლი. მაგრამ მის დახვეწილ ნაკვთებში გამოსჭივოდა კმაყოფილების მშვიდი გამომეტყველება. რაც იმ სიცოცხლის დასასრულზე მეტყველებდა, რომლის განმავლობაშიც ის ხალხს მხოლოდ სიკეთისკენ მიუძღვოდა”

მარჯორი უორდროპი

დეკანოზი გიორგი ასათიანი თავის მოგონებებში იხსენებდა ილიაობაზე დამსწრე ოლივერ უორდროპის მთელ ოჯახს, რომელთა მოსვლამაც სიხარული გააორკეცა და დღესასწაული უფრო ღირსშესანიშნავი გახადა.

უორდროპების ოჯახი ილაობაზე საგურამოში

საინტერესოა, მარჯორ და ოლივერ უორდროპებისა და ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიმოწერა, რომელიც არქივშია შემონახული.


1894 წლის სექტემბერში ილია ჭავჭაავაძემ მარჯორი უორდროპისაგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო:
„თავადი ილია ჭავჭავძე,
ტფილისი,
მოწყალეო ხელმწიფევ!

ინგლისურად თარგმანი ვჰქმენ თქვენსა „განდეგილსა“,რომელსა უკეთესისა ლექსისაა თქვენი მშვენიერი ენაში რომ მე ვკითხვე, და რომელსა ქონება ყველას მწერლობას დიდება უნდა იყოს.მე დიდი სურვილი მაქვს გავუზიარო ჩემს თანამემამულეთ ის სიამოვნება,რომელიც მე ამ ლექსმა მაგრძნობინა.ამისთვის გჰკადრებ თხოვნა თქვენი ნება ეს ჩემი თარგმანი გამოცემად.ვსცადე სიტყვითი სიტყვითად მას გამოთქმა,მაგრამ ბევრი მისი მშვენიერება უნდა იყოს,საჭიროდ,დაკარგული უცხო თარგმანში.ჩემი ძმა დიდი პატივი ქონდა,რამოდენიმე წელიწადნი უკან,ტფილისში,თქვენი გაცნობა ქმნა,და მე დიდი იმედი მაქვს,რომ მე მაგასთან მალე მოვალ საქართველოში,ქვეყანა,რომელკენ მე გულწრფელი სიყვარული ვჰგრძნობ,და სურვილი მაქვს,რომ მე შევჰძლებ პირ და პირ გამოთქმა უღრმეი პატივისცემა თქვენის ნიჭისთვის და დიდებულის მსახურობისათვის მიცემული თქვენგან ძველებურს მეფობას საქართველოსთვის.მე ვარ,ბატონო,მომლოდინე ჩემთვის სასიხარულო ნებისა.
თქვენი პატივისმცემელი
მარჯორი უორდროპი“

მარჯორი უორდროპის წერილები ოლღა გურამიშვილს:

მარჯორი უორდროპის წერილი ილია ჭავჭავაძეს:

ოლოვერ უორდროპის ღია ბარათი:

მარჯორი და ოლივერ უორდროპები

1864 და 1869 წლებში დაბადებული ოლივერი და მარჯორი გაიზარდნენ ახალი გამოკვლების ჟინით შეპყრობილ ეპოქაში. ბავშვობაში რომელიც მათ შოტლანდიასა და სამხრეთ ინგლისში გაატარეს, ისინი სულმოუთქმელად კითხულობდნენ მოგზაურთა მოთხრობებს, განსაკუთრებით კავკასიისა და საქართველოს შესახებ.

ოლივერ უორდროპი

ჯონ ოლივერ უორდროპი იყო ბრიტანელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი, აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში 1919–1921 წლებში.

ოლივერ უორდროპის ოთხთვიანი მუშაობის შედეგად, 1920 წლის 10 იანვარს, ლორდმა კერზონმა, პარიზში, ანტანტის საგარეო საქმეთა მინისთრთა საბჭოს სხდომაზე, წამოიჭრა და გაიტანა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა დეფაქტო აღიარების საკითხი. ამ გამარჯვებით გახარებული ოლივერ უორდროპი თავის მეუღლეს სწერს:

“დღეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ის, რასაც 33 წელიწადს ველოდი… შენ მე მელოდები, მაგრამ მე სულაც არ ვნანობ ამ 33-წლიან ლოდინს, რადგან რაც ასე გულით გინდა, მისთვის ყოველთვის ღირს დალოდება… ვერც კი ვაანალიზებ ამას, მე მოვიგე ეს ბრძოლა. ამ საქმისთვის ყველაზე მეტი მე გავაკეთე და აქ ეს ყველამ იცის. ძალიან მინდა, აქ რომ იყო, ჩემით იამაყებდი იმის დანახვაზე თუ როგორ აფასებს ყველა შენ ქმარს… ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, ცუდად ვარ, მაგრამ ახლა სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევარიგო კავკასიის ხალხები, როგორ შევაჩერო ბოლშევიკების სამხრეთისკენ წამოსვლა… ხომ ხედავ, შენც კი სულ ამ თემაზე გწერ, თავში სულ ეს მიტრიალებს”.

ოლივერ უორდროპი

მარჯორი უორდროპი

მარჯორი უორდროპი დაიბადა 1869 წლის 11 ნოემბერს ინგლისელი არისტოკრატის ოჯახში. იგი იყო ბრიტანელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპის და, რომელიც 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოებამდე ბრიტანეთის მთავარი კომისარი იყო კავკასიაში.

საქართველოს უანგარო მეგობართა შორის გამორჩეულია მარჯორი უორდროპი. ძმის სიყვარული კულტურის მქონე ქვეყნისადმი მასაც გადაედო.იმოგზაურა კიდეც და შესასწავლად რთული ქართული ენაც გაითავისა. იმდენად შეისისხლხორცა,რომ ხელი მოჰკიდა მხატვრული ლიტერატურის თარგმნას და გაბედა და ხელი მოჰკიდა თვით ,,ვეფხისტყაოსანსაც” , თუმცა არა სალექსო სტრიქონების სახით. ტექსტებს საგულდაგულოდ არჩევდა: ილიას ,,განდეგილი”, სულხან-საბა ორბელიანის ,, სიბრძნე-სიცრუისა” – ეს მეტად მნიშვნელოვანი იყო ერთი პატარა, რუსეთის იმპერიის უღელქვეშ ძვლივს მსუნთქავი ქვეყნიერებისთვის, რომელიც მიძინებული ეროვნული ცბიერების გამოღვიძებას შესდგომოდა და ჰაერივით ესაჭიროებოდა მოწინავე ქვეყნებთან ურთიერთობა. მარჯორის გულმოდგინებით თითქოს საქართველომ ქვეყნიერებას გაახსსენა თავისი არსებობა სხვა ქვეყანათა შორის, როგორც ეს იყო საუკუნეთა უწინ. ,,მისს უორდროპი ყმაწვილი ქალია,სულ ოცდაოთხის წლისა. ამასთან დიდად მოხდენილი და თავდაჭერილიც.იგი მეტად წყნარია და ცოტა მორცხვიც კი. მაგრამ ამ ტანადს, ნარნარს, მოხდენილს, წყნარსა და მორცხვ ყმაწვილ ქალს დიდი ცოდნა აქვს, ცოდნა საკუთრის შრომითა, სურვილითა და მოწადინებით შეძენილი”.

Design a site like this with WordPress.com
Get started